კომპანია
„სარაჯიშვილის“ ბრენდის სამსაუკუნოვანი ისტორია 1884 წლიდან იწყება. დავით სარაჯიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ღვინის ბრენდის კლასიკური მეთოდით წარმოებას და საფრანგეთის შემდეგ საქართველო იყო პირველი ქვეყანა რუსეთის იმპერიაში, რომელმაც კონიაკის წარმოება დაიწყო და ოფიციალურად გამოიყენა სიტყვა „კონიაკი“. თბილისში დაარსებულმა ქარხანამ 1887 წელს პირველი პროდუქტი გამოუშვა.
კომპანია „სარაჯიშვილი“ სწრაფად გაიზარდა და გაფართოვდა. რუსეთის იმპერიისა და ევროპის მასშტაბით განლაგდა სპირტსახდელები და სარეალიზაციო ქსელი, რომელშიც იყიდებოდა კომპანია „სარაჯიშვილის“ მიერ წარმოებული პროდუქცია: კონიაკი, არაყი, ღვინო, ლიქიორი, რომი, აბსენტი და სხვა სპირტიანი სასმელები.
ბრენდის პირველი სპეციალიზებული მაღაზია (ბუტიკი) თბილისში 1903 წელს გაიხსნა.
1909 წლის პირველ მაისს საფრანგეთის მთავრობის პირველი დეკრეტი გამოიცა, რომელიც კატეგორიულად კრძალავდა სიტყვა „კონიაკის“ გამოყენებას საფრანგეთის ტერიტორიაზეც კი, გარდა შარანტის დეპარტამენტისა. მას შემდეგ ყველა ეტიკეტზე სახელი „კონიაკი“ შეიცვალა ღვინის ბრენდით, მაგრამ წარმოების ტექნოლოგია კვლავ უცვლელი დარჩა.
1889-1912 წლებში სარაჯიშვილის კონიაკებმა საერთაშორისო გამოფენებზე: პარიზში, ჩიკაგოში, ბრიუსელსა და სხვა ქალაქებში ოქროს მედლები მოიპოვა. 1913 წელს სარაჯიშვილის კომპანიას მიენიჭა იმპერატორის კარის მიმწოდებლის სტატუსი, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს კონიაკის მაღალ ხარისხს.
საბჭოური პერიოდის განმავლობაში მოხდა ქარხნის ნაციონალიზაცია და შეეცვალა სახელი, დაერქვა „თბილისის კონიაკის ქარხანა“. მას შემდეგ კომპანიამ არაერთგზის შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. მიუხედავად ამისა, განვითარების ტემპები არ შენელებულა. წლების განმავლობაში იქმნებოდა უმაღლესი ხარისხის სპირტების რეზერვები.
დღევანდელი ქარხნის მშნებლობა 1939 წლიდან 1954 წლამდე გრძელდებოდა, სწორედ აქ მოიყარა თავი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოხდილი უნიკალური სპირტების მარაგმა.
1994 წელს ბრენდის მესაკუთრე გახდა ბუბუტეიშვილების ოჯახი, რომელმაც შეისყიდა კომპანია და უნიკალური, ისტორიული ქართული სპირტების მარაგი, რომელშიც ჩვენ ვხვდებით 1893 და 1905 წლებში თავად დავით სარაჯიშვილის ზედამხედველობით გამოხდილ სპირტებსაც. კომპანიას „სარაჯიშვილის“ სახელი დაუბრუნდა.
დავით სარაჯიშვილი იმ დროისთვის ინოვაციური მიდგომებით გამოირჩეოდა, მას საქმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და მისი ყოველი ნაბიჯი შთაგონებული იყო ქვეყნის განვითარების სურვილით. ღირებულებათა თანხვედრის, საუკუნოვანი ტრადიციის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის, მრავალფეროვანი სპირტის რეზერვებისა და უახლესი ტექნოლოგიების წყალობით კომპანია „სარაჯიშვილი” წარმატებით განაგრძობს იმ საქმიანობას, რომელსაც თავად დავით სარაჯიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა.
„სარაჯიშვილის“ მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე 250-ზე მეტი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის: 6 სუპერ გრან-პრი, 35 გრან-პრი, 1 ორმაგი ოქროს, 1 დიდი ოქროს და 155 ოქროს მედალი. საუკეთესო შეფასებების შედეგად, „სარაჯიშვილმა“ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე მოიპოვა აღიარება. ამჟამად „სარაჯიშვილი“ მსოფლიოს ოთხი კონტინენტის ოცამდე ქვეყანაში ახდენს თავისი ბრენდის იმპორტს.
მუდმივი შემოქმედებითი ძიება, საქმის სიყვარული და წინსვლის სურვილი კომპანია „სარაჯიშვილის“ მთავარი მახასიათებლებია.