independence
1918 წლის 26 მაისს ქვეყნის მმართველმა ეროვნულმა საბჭომ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო.
ოცნებას თავისუფლებაზე ხორცი შეესხა, მაგრამ საქართველოს პატრიოტების სიხარული, სამწუხაროდ, ხანმოკლე აღმოჩნდა.
მიუხედავად ამისა, დამოუკიდებლობის რამდენიმე წელმა ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად ნაყოფიერად ჩაიარა. ამას იმ ადამიანებს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებმაც თავიანთი შრომით, ცოდნითა და პატრიოტიზმით მოამზადეს საქართველო ახალი ცხოვრებისთვის.
დავით სარაჯიშვილი ამის ბრწყინვალე მაგალითია. მართალია, ის თავისუფლების დეკლარაციის მიღებას ვერ მოესწრო, მაგრამ თანამედროვე ხედვითა და თავდაუზოგავი შრომით ჩაუყარა საფუძველი საქართველოს თავისუფალ მომავალს.
7 ათეულ წელზე მეტი დასჭირდა საქართველოს იმისთვის, რომ ეს ოცნება კვლავ რეალობად ქცეულიყო, მაგრამ სწორედ იმ წლებში ჩასახულმა იმედმა მოგვიყვანა აქამდე.
კომპანია „სარაჯიშვილი“ დავით სარაჯიშვილის იდეების ერთგულია.
ეს წარსულის პატივისცემა, თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობა და მომავლის თამამი ხედვაა.
„სარაჯიშვილისთვის“ უცვლელი მხოლოდ მუდმივი ფასეულობები, ტრადიციები და პროდუქტის უმაღლესი ხარისხი რჩება.
სწორედ ამიტომ, კომპანია „სარაჯიშვილი“ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს განსაკუთრებულად აღნიშნავს და ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს უნიკალური მახასიათებლების სასმელს - ღვინის ბრენდის „Independence“-ს უძღვნის.
1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის ისტორიული მნიშვნელობა და მისი ვიზუალური მხარეც კი სიმბოლურად აისახა სპეციალურად შექმნილ, უმაღლესი ხარისხის საგემოვნო თვისებების მქონე ღვინის ბრენდის შეფუთვასა და ბოთლის დიზაინზე.
1918 წლის უნიკალური სპირტი „სარაჯიშვილის“ საცავების უძვირფასესი მარაგებიდან უმაღლესი ხარისხის, დახვეწილი ხასიათის სასმელად იქცა.
სწორედ ამ საოცარი, ისტორიული მნიშვნელობის სპირტსაცავის წყალობით აქვს „სარაჯიშვილს“ შესაძლებლობა, რომ შექმნას ასეთი პროდუქტები.
ბუნებრივია, რომ ამ პროდუქტის რაოდენობა განსაკუთრებული და სიმბოლურია -1918.
1918 ბოთლში განსხეულდება საქართველოს მრავალსაუკუნოვანი იმედი უკეთესი, თავისუფალი მომავლის შესახებ, რომელიც ისეთივე კომპლექსური და მრავალშრიანია, როგორც თავად ეს პროდუქტი.
დავით სარაჯიშვილისეულ სპირტსაცავებში, მუხის კასრებში დაძველებული პრემიუმ კლასის ღვინის ბრენდი მდიდარი, დახვეწილი და ელეგანტური არომატით გამოირჩევა.
კრიალა, ქარვისფერში გარდამავალ, მუქ ოქროსფერ სითხეს, ხილის, მუხის მერქნის, ვანილისა და შოკოლადის ტონები ამდიდრებს. რბილი ხავერდოვანი გემო და პიკანტური სიმწკლარტე კი ღვინის ბრენდის განსაკუთრებულ სიძველეს უსვამს ხაზს.
1918 წლის 26 მაისს ქაღალდის ერთ ფურცელზე მელნით დასმული ხელმოწერები საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ოცნების ახდენის დასტურად იქცა. ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ფონზე, ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი მოწმედ დაუდგა აქტს, რომელმაც საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქცია. ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში.
გრაფიკული წნული ბოთლის ელეგანტურ, ქვით ინკრუსტრირებულ სახურავზე დამოუკიდებლობის დეკლარაციის ვიზუალური მხარითაა შთაგონებული. საქართველოს ისტორიისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ფურცელი, მისი სტრუქტურა და მელნის ფერიც კი კომპანია „სარაჯიშვილისთვის“ შთაგონების წყაროდ იქცა. გრავირებული ბოთლის დიზაინის შთაგონება სამელნის ფორმაა. სასმელის ბოთლიდან ამოსაღები ლივერიც კი კალამს გვაგონებს.
მელნისფერ, ღამის ცისფერ ყუთზე კაშკაშებს ისეთივე ვარსკვლავები, როგორიც წმინდა გიორგის გამოსახულების უკან, დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტზე.